მუნიციპალური ნარჩენებისთვის განსაზღვრული ჯარიმები

მუხლი 31. მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

 

 1. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.

 

 2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან, –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

 

 3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, –

 

 გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.

 

 4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

 

 5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

 6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

 

 7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

 

 გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

 8. 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება –

 

 გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 

 9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება –

 

 გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

 

 შენიშვნა:

 

 1. ნარჩენი ითვლება ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ დიდი მოცულობის ნარჩენად, თუ იგი 2 მ2-ზე მეტ ფართობს ფარავს.

 

 2. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციელმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილმა თანამშრომელმა ადგილზე არ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი (საჯარიმო ქვითარი) ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

 

 3. ამ მუხლის პირველი–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს მუნიციპალური ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.

 

მუხლი 35. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა

 

 1. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 

 2. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა) (მათ შორის, საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მუხლი 36. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება –

 

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა

 

1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე –

 

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

 

2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე –

 

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 550 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

მუხლი 43. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა

 

 1. მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მიერ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მიუწოდებლობა –

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 

2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 46.  ამ კოდექსის 31-–45- მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

 

 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა –

 

 გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას) ამ კოდექსის იმ მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

 

 2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლა −

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

 3. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის, მასალისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) −

 

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

Share page