დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის საახალწლო მილოცვა

31 დეკემბერი, 2018

                                                                                                                                                             

                                                                                                                                                     

მოგესალმებით, მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2019 წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს ხვავის, ბარაქის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი. გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტისათვის. თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით შევძელით და განვახორციელეთ არაერთი სასიკეთო პროექტი. ასევე, გასულ წლებთან შედარებით, დღეს უფრო ნაკლებ დედოფლისწყაროელს აწუხებს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და ღამით ჩაბნელებული ქუჩები, დღეს უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს სკვერებით , საბავშვო ატრაქციონებით, დასასვენებელი პარკებით , სპორტული მოედნებითა და დარბაზებით ... აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ქედების ზონის გაზიფიცირებაც, რომლის სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია. ესაა მართლაც საშვილიშვილო პროექტი და ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის სამუშაოები ხორციელდება. მისი დასრულების შემდეგ მთელი დედოფლისწყარო იქნება გაზიფიცირებული და ბუნებრივი აირი ფუფუნება აღარ იქნება. წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოციალური პაკეტის გასაუმჯობესებლად. საკრებულოსთან ერთად ჩვენ შევძელით ის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დღეს გაცილებით მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ შეღავათებს, ვიდრე გასულ წლებში. 2019 წლიდან უკვე დავგეგმეთ რამდენიმე ცვლილება ,რომელთაც ეტაპობრივად განვახორციელებთ და სოციალური პროგრამა კიდევ უფრო მოქნილი და მოსახერხებელი გახდება . ზრუნვა საბავშვო ბაღებზე გრძელდება და ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ პირობებს. ეს ეხება როგორც გარემო პირობების გაუმჯობესებას, ასევე მათ კვებას თუ აღმზრდელ-პედაგოგების შრომის ანაზღაურებას. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ კახეთის რეგიონში ვართ პირველები, რადგან ბავშვებისთვის ყველაზე საუკეთესო პირობები სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტშია შექმნილი. დედოფლისწყაროს 17-ივე ბაღში შექმნილია სათანადო პირობები, ყველგან გაკეთებულია რემონტი, კეთილმოწყობილია ეზო- ბავშვთა გასართობი ატრაქციონებით. ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე- სოფელ არხილოსკალოში, სადაც ბავშვთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ არსებული ბაღის შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს კი აკმაყოფილებდა, მაგრამ აღსაზრდელთა კონტიგენტის ზრდამ მისი პატარა ფართის გაზრდის აუცილებლობა გამოიწვია-წელს ხორციელდება ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და ზამთრის არდადეგების შემდეგ, ბავშვები უფრო კომფორტულ გარემოში შევლენ. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ თითოეულ სოფელსა და დასახლებაზე. ამიტომაც ჩვენი პროექტები ერთნაირი წარმატებით ხორციელდება ყველგან, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. გპირდებით, რომ არ გავჩერდებით , გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ თითოეულმა თქვენგანმა და თქვენმა შვილებმა , ჩვენმა შვილებმა, იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს სოფელში, უკეთეს უბანში... ეს წელი წარმატებული იყო დედოფლისწყაროელი სპორტსმენებისთვისაც. გვასახელეს ჩვენმა კიკბოქსინგის, ქართული ჭიდაობისა და უშუს ნაკრებებმა, მსოფლიო ჩემპიონია ლაშა ბექაურიც... 2018 წელი გამორჩეული იყო ასევე იმითაც, რომ საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით უკანასკნელად აირჩია პრეზიდენტი. მეამაყება, რომ დედოფლისწყაროელებმა ორივე ტურში ღირსეული და ქვეყნისათვის სასარგებლო არჩევანი გააკეთეს. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენს პირველ ქალ პრეზიდენტს კი წარმატებებს ვუსურვებ. მჯერა, რომ მისი დიპლომატიური გამოცდილება და გავლენები დიდი როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, იმედების გამართლების, ოცნებების ახდენისა და გახარების წელი ყოფილიყოს დამდეგი 2019 წელი . პატივისცემით, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი

 

გააზიარე