დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა

3 სექტემბერი, 2018
                                                                                           
       თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს „ჯეონატურალსი“ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან, სოზარ სუბართან, კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად დღეს გახსნა. საწარმოში, წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ კი მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება. 
,,ჯეონატურალსი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, და მისი ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში, ჯამურად, 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია. 
სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. აქედან, კახეთის რეგიონში 57 ახალი საწარმო შეიქმნა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
 

 

გააზიარე