გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით დედოფლისწყაროში გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: სოლომონ პავლიაშვილი და ნინო თანდილაშვილი ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მერთან , ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შირაქის ქარსაცავი ზოლის დეგრადირებული მონაკვეთის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ახლად რეაბილიტირებულ ეზოში ცოცხალი მუსიკის თანხლებით თემატური გამოფენა და ხატვის კონკურსი გაიმართა. გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები მხატვარმა ზაალ სულაკაურმა გადასცა, რომელმაც დედოფლისწყაროელ ბავშვებს ხატვის გაკვეთილიც ჩაუტარა.
კულტურის სახლში ეზოში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეტის მერმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს.
,, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით, ვინც ახლა ჩვენს გვერდითაა, გვაქვს გარკვეული წინსვლები გაუდაბნოებასთან ბრძოლაში. გასულ წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 60 პროცენტით შემცირდა ხანძრების რაოდენობა. ასევე თქვენი დახმარებით, უახლოეს მომავალში სოფელ სამთაწყაროში ექსპლუატაციაში შევა ახალი სამელიორაციო სისტემა, , რაც დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მორწყვის საშუალებას მოგვცემს და ეს სოფელს ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ნაბიჯ-ნაბიჯ საბოლოოდ დავამარცხებთ იმ გამოწვევას, რასაც გაუდაბნოება ჰქვია.“-აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.