,,აწარმოე საქართველოში" განაცხადებების მიღება დაიწყო
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ მეოთხე ეტაპს იწყებს. პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ზემო ქედსა და დედოფლისწყაროში გაიმართა, სადაც საზოგადოებას ბიზნეს კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიაწოდეს.
წელს პროექტში სიახლეებია. თითოეული მეწარმე სახელმწიფოსგან გრანტის სახით არაუმეტეს 20 000 ლარს მიიღებს. მეწარმის თანამონაწილეობის ვალდებულება კი მოთხოვნილი თანხის 20 %-ა. წელს კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ გასული წლების გამარჯვებულებსაც. ამ შემთხვევაში მათი თანამონაწილეობა 50 %-ით განისაზღვრა.
მიმდინარე წელს ბიზნეს იდეების კონკურსში არ დაფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება და მისთვის განკუთვნილი მომსახურება.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აღნიშნულ პროექტში ჩართულობისაკენ მოუწოდა . ,, როცა ეს პროექტი დაიწყო, ჩვენი მოსახლეობა მის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. იმ წელს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ოცდაერთმა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც ცხრამეტმა გაიმარჯვა. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი ხორციელდება და მათ წარმატებაში უკვე ჩვენი ბევრი თანამოქალაქე დარწმუნდა. ამჯერადაც მოგიწოდებთ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან და აქტიურად მიიღოთ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა“- განაცხადა ზემო ქედის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა.
საკონკურსო განაცხადების მიღება ელექტრონული ფორმით, 20 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე იწარმოებს მისამართზე www.qartuli.ge