დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა

28 May, 2018

                                                                                                   

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. წლევანდლი 26 მაისი კი განსაკუთრებული იმითაა, რომ ამ ულამაზეს დღესასწაულს 100 წელი უსრულდება. ზუსტად საუკუნის წინ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტის პირველ პუნქტში ეწერა : „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ეს იყო უამრავი პატრიოტისთვის საოცნებო და სანატრელი სიტყვები, რომლის აღსრულებასაც წინ უძღოდა იმპერიასთან მრავალწლიანი ბრძოლა. 
ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. დამოუკიდებლობა, ეს თავისუფლებაა, თავისუფლება კი კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ხოლო ამ მონაპოვარის დაცვა არა მხოლოდ ხელისუფლებების, არამედ მთელი ერის საზრუნავია. ისტორიული ბედუკუღმართობით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მაშინდელი ცივილური სამყარო მზად არ აღმოჩნდა წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის ოკუპაციისთვის და დაეცვა ანექსირებული სახელმწიფოები. დღევანდელი საქართველო კი ისევე, როგორც ცივილური სამყარო, გაცილებით ძლიერია . ჩვენი ნება , რომ ვიყოთ ამ სამყაროს ნაწილი, ურყევია და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიერ გამოწვდილი ხელიც უფრო მყარი. 
ჩემი აზრით, ის, რაც მოპოვებული დამოუკიდებლობის სიხარულს გარკვეულწილად აფერმკრთალებს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებია. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ტკივილია. სიტყვა ,,დროებითი“ შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ამისათვის კი ქვეყნის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო. მჯერა, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ჩვენი ოცნება რეალობად იქცევა და ის 26 მაისიც გაგვითენდება, რომელსაც ერთიან საქართველოში ვიზეიმებთ. ჩემს თავს და თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ, რომ ეს დღე მალე დადგეს. 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. მშვოდობიან, ბედნიერ და ერთიან საქართველოს გისურვებთ. 
პატივისცემით, ნუგზარ პაპიაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

გააზიარე