სამუშაო შეხვედრა მერიაში -ალოობა ახლოვდება
ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის და შესაძლო ბრობლემების პრევენციისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და შპს ,,მექანიზატორის“ ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის წარმომადგენლებისგან ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და ,,მექანიზატორის“ მენეჯერთან, დავით გონაშვილთან და ბრიგადის მენეჯერთან, დავით ელიაურთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ფერმერებს მოსავლის უდანაკარგოდ აღებისა და დაბინავების საშუალებას მისცემს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს მუნიციპალიტეტში დამატებით 12 ერთეული კომბაინი შემოვიდა, რამაც ჯამში 40 ერთეული შეადგინა. აღნიშნული ტექნიკის განაწილება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება. კერძო პირების საკუთრებაში არსებული კომბაინების სახით მუნიციპალიტეტს გააჩნია დამატებითი რესურსიც . საჭიროების შემთხვევაში დედოფლისწყაროელ ფერმერებს ჩალაუბნის ,,მექანიზატორიც“ დაეხმარება.
,,მთავარია, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენი ტექნიკის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. არსებული რესურსი კი საფუძველს იძლევა, რომ მოსავლის აღების სამუშაოები შეუფერხებლად ჩავატაროთ. მეოთხე წელია, რეკორდულად კარგი მოსავალი გვაქვს. არ უნდა დავუშვათ, რომ თუნდაც 1 ჰექტრიანი მიწის მფლობელს რაიმე პრობლემა შეექმნას. როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ გლეხს არცერთი მარცვალი ასაღები არ დარჩეს“- აღნიშნა შეხვედრაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით შპს ,,მექანიზატორის მენეჯერს, დავით გონაშვილს. ტელ: 599 55 39 77 ან ბრიგადის მენეჯერს დავით ელიაურს, ტელ: 591 41 08 62
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ალოობა ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება.