,,ეტალონის" გამარჯვებული გამოვლინდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ,,ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ჩემპიონის დასადგენად ცოდნის შეჯიბრი დღეს დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მერვე-მეთორმეტე კლასის 66 მონაწილეობდა.
ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატს ,,ეტალონის“ უცვლელი წამყვანი , აკადემიური დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი , საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ დავითაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ თამაზაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი და საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ბახუტაშვილი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები ,,ეტალონში“ მონაწილეებს მიესალმნენ და მეოთხედფინალში გამარჯვება უსურვეს.
შეჯიბრის ბოლოს 66 მონაწილიდან 3 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე შეირჩა. მესამე ადგილი გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ჭრელაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ზაქარია ჭუაძე, გამარჯვებული კი ამავე სკოლის მეთერთმეტე კლასელი მადინა ღანიშაშვილი გახდა.
გამარჯვებული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში დედოფლისწყაროს სახელით წარდგება და ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს. ფინალი 2019 წლის ზაფხულის დასაწყისში თბილისში გაიმართება.