9 მაისი დედოფლისწყაროში.

15 May, 2018

                                                                         

დედოფლისწყაროში ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავი აღინიშნა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ხორნაბუჯის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელგადაუხადეს. 
,, მოგესალმებით და მადლობას გეუბნებით, რომ მობრძანდით და ერთად ვიზიარებთ ფაშიზმზე გამარჯვების სიხარულს. ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ფაშიზმთან ბრძოლას . ჩემი გულის ტკივილია ის, რომ ყოველწლიურად გვაკლდებიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და რომელთა დამსახურებითაც მსოფლიო გადაურჩა ფაშიზმს. ჯერ კიდევ 2014 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 31 ომის მონაწილე გვყავდა. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ 6 დარჩა და აქ მოსვლა მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო. ზურა პაპას და თითოეულ მათგანს ვუხდი უღრმეს მადლობას და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე ვისურვებ, რომ მომავალ წელს ექვსივე მათგანი ჩვენს გვერდით იყოს“- ამ სიტყვებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა.
ვეტერანების პატივსაცემად ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით მემორიალთან 9 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტიც გაიმართა. 
9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერტჯერადად 250 ლარი გადაეცათ. 
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში 700.000-მდე ქართველი იბრძოდა. აქედან, 5070 დედოფლისწყაროელი, საიდანაც 2 528 დაიკარგა ან დაიღუპა.

გააზიარე