დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გილოცავთ, მეგობრებო.
საუკუნიეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა თავისუფლებისთვის და თვითმყოფადობისთვის ბრძოლით მოვიდა დღემდე. ისტორიის ამ გრძელ და ეკლიან გზაზე ბევრი იყო მარცხიცა და გამარჯვებაც. 26 მაისი სწორედ ერთ-ერთი ასეთი დიდი გამარჯვების დღეა - 100 წლის წინ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი გეოგრაფიული სუბიექტი, კვლავ დაუბრუნდა მსოფლიო რუქას. მაშინ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთის ოკუპაციის გამო არსებობა არასრული სამი წლის თავზე შეწყვიტა, მაგრამ ამით 26 მაისის მნიშვნელობა ვერ გაუფერულდა- სუვერენიტეტის დაკარგვიდან 70 წლის შემდეგ, 1991 წელს , საქართველო სწორედ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე გახდა...
დღეს ჩვენი ქვეყანა განსხვავებული რეალობის წინაშე დგას- საქართველო დამოუკიდებელია და მტკიცე ნაბიჯებით მიისწრაფვის ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროპული ოჯახისაკენ. ვთვლი, რომ ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიული არჩევანია და მიუხედავად იმისა, რომ არც არჩეული გზაა მარტივი და ინტეგრაციის პროცესებიც შრომატევადი და საპასუხისმგებლოა, ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაში მათი როლი ცალსახად მნიშვნელოვანია . ამ მიმართულებით მუშაობა რეგიონების დონეზეც უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ის ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც ჩვენთანაა დაწყებული. მე, როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, სულ ახლახანს ხელი მოვაწერე კახეთის რეგიონში ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულებას, რომლის მიზანიც კახეთის მასშტაბით ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა აქტივობების განხორციელლება, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ მხარდაჭერისა და ნდობის გაზრდაა.
მარტში ჩვენ ასევე შევუერთდით ,,მერების შეთანხმებას“, რომელიც ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ავიღეთ ვალდებულება, გავზარდოთ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ მთელ ცივილურ სამყაროსთან ერთად ვიზრუნებთ კლიმატის ცვლილების ეფექტების შერბილებისა და თანამედროვე, ალტერნატიული ენერგიის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. ამას ჩვენ პარტნიორი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარებითა და ეკონომიკური მხარდაჭერით გავაკეთებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ .დედოფლისწყარო შეუერთდა ევროკავშირის პროექტს ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას , რაც გულისხმობს მათ დახმარებას ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
ეს არ არის ყველაფერი, რასაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დასაახლოვებლად ვაკეთებთ და ამ შრომის შედეგს თითოეული მოქალაქე ახლო მომავალში დაინახავს. ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად იმ დამოუკიდებლობის მყარი გარანტიაცაა, რომლის 100 წლოვან იუბილესაც დღეს აღვნიშნავთ.
ყველა ძალისხმევა უშედეგო იქნება, თუ არ გვეყოლება ღირსეული მომავალი თაობა , ხვალინდელი საქართველო ხომ მათ ხელშია. ხშირად ვესწრები სხვადასხვა ღონისძიებას და ამაყი ვარ, რადგან უამრავ უნიჭიერეს და ვირტუოზ ახალგაზრდას ვხედავ . მხოლოდ დედოფლისწყაროში ამდენი ხალასი ნიჭის მქონე ახალგაზრდა ნიშნავს , რომ ხვალინდელი დღე იქნება უფრო უკეთესი და საქართველო კვლავ მრავალი საუკუნე იზეიმებს დამოუკიდებლობის იუბილეს.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთი თარიღის შესახებ-26 მაისი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი მამულიშვილის, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა. ასეთმა შეუპოვარმა და გაუტეხელმა მებრძოლებმა მოიტანეს დღემდე საქართველო, სწორედ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და მათი დაუფასებლობისა და დავიწყების უფლება არ გვაქვს .
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. გისურვებთ ძლიერ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას. უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს.
პატივისცემით-ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი